სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები

ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“-ს და ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით, 25 სექტემბერს, ქობულეთის კულტურის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ,,შავი ზღვის ეკოლოგიური ღირებულება და მარიკულტურის განვითარების პერსპექტივები“, მოწვეულმა ექსპერტმა, ბიოლოგიის დოქტორმა და ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნა“-ს დირექტორმა არჩილ გუჩმანიძემ ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს გააცნო შავი ზღვის ზოგადი მახასიათებლები, მისი ეკოლოგიური ფასეულობა და მნიშვნელობა. 
   26 სექტემბერს კი ანალოგიური ხასიათის საინფორმაციო შეხვედრა, მწვანე სექტორის ინიციატივითა და ბსსა სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, სადაც სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემებისა და გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ, განხილული იქნა საქართველოში მარიკულტურის - საზღვაო ფერმერობის განვითარების პერსპექტივები და მისი ეკონომიკური პოტენციალი. 
   აღნიშნულ შეხვედრებზე მწვანე სექტორის ხელმძღვანელმა ილია გუჩმანიძემ ისაუბრა მარიკულტურის პროფესიული სფეროს აქტუალობასა და დასაქმების შესაძლებლობებზე, ახალგაზრდებს გააცნო საზღვაო ფერმერთა მოსამზადებელი ახალი სასწავლო კურსის პროგრამა და მოუწოდა მათ მოცემულ პროგრამაში აქტიური ჩართულობისკენ. 
   მარიკულტურის ტრენინგ კურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება და მისი მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან საზღვაო ფერმების ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და ჰიდრობიონტების ხელოვნურად მოშენების ყველა ძირითად საკითხს. სასწავლო კურსი ტარდება გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში (UNDP/GEF SGP), მიმდინარე პროექტის ,,საზღვაო ფერმერობა - გარემოსდაცვითი ინტერესებისათვის“ ფარგლებში.