მდგრადი ბუნებათსარგებლობის პრაქტიკის დამკვიდრება
მდგრადი განვითარება თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების სახელმძღვანელო პრინციპია, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების ბალანსირებას და მათ ჰარმონიულ თანაარსებობას გულისხმობს. ბუნებრივ რესურსებს შორის, საქართველოსთვის განსაკუთრებულ ღირებულებას შავი ზღვა წარმოადგენს, რომლის ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, გადაჭარბებული რეწვის, დაბინძურებისა და ჰიდრობიონტების საარსებო გარემოს დეგრადაციის შედეგად, მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული ცოცხალი რესურსები. კლიმატის ცვლილებების ფონზე კი შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები უფრო მწვავე და გლობალური ხდება. ზღვის რესურსების მდგრადი გამოყენებისათვის, საერთაშორისო მიდგომა, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მარიკულტურის განვითარებაზე, საზღვაო ფერმერობა ანუ მარიკულტურა სოფლის მეურნეობის დარგია, რომელიც თევზის, მოლუსკებისა და კიბოსნაირების ზღვაში ფერმერულ მოშენებას გულისხმობს. ჰიდრობიონტების კულტივირება, როგორც თევზჭერის ალტერნატიული მოდელი, ამცირებს სარეწაო ზეწოლის მასშტაბებს და ხელს უწყობს სახეობების კონსერვაციას, აუმჯობესებს წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და ქვეყანაში ეკოლოგიურად მდგრადი ბუნებათსარგებლობის პრინციპების დამკვიდრებას განაპირობებს.