სიახლეები

საზღვაო ფერმერთა მოსამზადებელი სასწავლო კურსის გახსნა

ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში (UNDP/GEF SGP), ხორციელდება პროექტი ,,საზღვაო ფერმერობა - გარემოსდაცვითი ინტერესებისათვის“, რომლის მიზანია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მარიკულტურის სპეციალიზაციის განვითარება და საზღვაო ფერმერთა კვალიფიციური კონტინგენტის ჩამოყალიბების მხარდაჭერა. 
   ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში, 24 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვაო ფერმერთა მოსამზადებელი სასწავლო კურსი გაიხსნა, რომელიც გაგრძელდება ორი თვის განმავლობაში. სასემინარო/პრაქტიკული პროგრამით, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები დეტალურად შეისწავლიან საქართველოს საზღვაო აკვატორიაში მარიკულტურის ადგილების შერჩევის, გეომორფოლოგიური შეფასების, ფერმების ტექნოლოგიური აგების, მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და ჰიდრობიონტების ხელოვნურად მოშენების საკითხებს.     
   სასწავლო კურსის მიმდინარეობის პარალელურად, მოცემული პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოეწყობა მარიკულტურის სადემონსტრაციო ცენტრი, შესაბამისი კომპლექსური ლაბორატორიული ინვენტარითა და აღჭურვილობით, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, თეორიულ კურსთან ერთად, უკვე პრაქტიკულად გაეცნონ ზღვის ობიექტების კულტივირების - ხელოვნური მოშენების ტექნოლოგიურ და კვლევით ასპექტებს. 
   სასწავლო კურსის ჩატარება და სადემონსტრაციო ცენტრის ამოქმედება, ხელს შეუწყობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ თავის საგანმანათლებლო პროგრამაში მარიკულტურის სპეციალიზაციის სრულფასოვანი ინტეგრირება მოახდინოს და საზღვაო ფერმერთა მოსამზადებელი კურსი შექმნას, რაც განათლების სექტორში, ახალი სპეციალობის - მარიკულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს და შექმნის წინაპირობებს აღნიშნულ სფეროში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებისთვის.