პროექტები

კულტურული მრავალფეროვნების ფართოდ წარმოჩენა

აჭარის რეგიონი გამოირჩევა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით, მრავალი წელია, რაც აჭარაში მართლმადიდებელი ქრისტიანები და მუსლიმები ერთ სივრცეში თანაარსებობენ, მათი ყოველდღიური ყოფა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რამაც გამოიწვია კულტურისა და ტრადიციების შერწყმა და უაღრესად საინტერესო მოდელი შექმნა. ზემო აჭარის სოფლებში, ქრისტიანული და მუსლიმური სალოცავები გვერდი-გვერდ ფუნქციონირებენ და განსხვავებულ ადგილობრივ კოლორიტს ქმნიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე ინტერრელიგიური ქალაქია საქართველოში, სადაც ფართოდ არის წარმოდგენილი სხვადასხვა კონფესიები, თავიანთი საკულტო ნაგებობებითა და მრევლით. ამდენად, აჭარის რელიგიური მრავალფეროვნება ის კულტურული ფენომენია, რომლის კრეატიული შეფუთვა მას მიმზიდველ ტურისტულ პროდუქტად აქცევს, რელიგიური პლურალიზმისა და ტოლერანტობის - ტურისტული ინტერესის ობიექტად გარდაქმნა, ადგილობრივ საზოგადოებაში აღნიშნული ფასეულობების სოციალურ სტატუსს გაზრდის, მისი დაცვისა და შენარჩუნების მოტივაციას გააძლიერებს, განმტკიცდება განცდა იმისა, რომ ,,მრავალფეროვნება“ წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს და კულტურულ რესურსს, რომელიც ქვეყნის ცნობადობას ზრდის, მას დამატებით დივიდენდებს სძენს და ეკონომიკური შემოსავლების წყაროდაც იქცევა.